ყინვა, ტემპერატურის ცვლილება, სიმშრალე – ყოველივე ეს გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე ზამთრის სეზონის განმავლობაში. სწორი მოვლა და ნატურალური კოსმეტიკურისაშუალებები უზრუნველყოფს კანის კომფორტსა და სიჯანსაღეს.
სტატისტიკის მიხედვით, პლანეტის ყოველ მეოთხე მცხოვრებს საკუთარ თავზე განუცდია კანის პრობლემები და მისი მოვლის სიძნელეები. გარდა იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებით კანი ხდება მგრძნობიარე, უხეში, იქერცლება და იწვევს ქავილს, იზრდება მისი ინფიცირების რისკი. ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, გაორმაგებული ძალისხმევაა საჭირო აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად. თუ ზაფხულის თვეებში კანის ძირითადი მტერი მზის მწველი სხივებია, ზამთრის დადგომასთან ერთად მეტ საფრთხეს წარმოადგენს სიმშრალე. კანზე გავლენას ახდენს ერთის მხრივ, გარეთ სიცივე და ყინვა, მეორეს მხრივ კი – შენობაში არსებული გამომშრალი და თბილი ჰაერი, რისი მიზეზიც ცენტრალიზებული გათბობის სისტემებია. სიცივეში ცხიმის ჯირკვლების ფუნქციონირება ორჯერ ქვეითდება, ამასთან დაბალ ტემპერატურაზე მცირდება სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა, რათა დაიცვას ორგანიზმი გადაცივებისაგან. თუ ამ ყოველივეს დავამატებთ შენობასა და ქუჩაში ექსტრემალურ ტემპერატურულ სხვაობას, გასაგებია, თუ რატომ აღინიშნება კანის სიმშრალე, ნახეთქები, ქავილი და ა.შ. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კანის სწორი მოვლა.
მსუბუქი გაწმენდა საიმედო დაცვისათვის
ძალზედ თბილი წყალი და არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალებები არღვევენ კანის ზედაპირის დამცავ ჰიდროლიპიდურ შრეს, რომელიც კანს ტენიანობას უნარჩუნებს. ამასთან ერთად, კანის რქოვანა შრიდან გამოიდევნება მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნივთიერებები.
უარი უნდა თქვათ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც არღვევენ კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერებს და რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ჰიგიენის წესების გადაჭარბებული დაცვაც მათ რიცხვს მიეკუთვნება. კანის დაბანა უნდა მოხდეს ოდნავ თბილი წყლით, მაქსიმალურად რბილი დასაბანი საშუალების გამოყენებით (სასურველია ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური კოსმეტიკა, რომელიც არ შეიცავს სინთეზურ აქტიურ ნივთიერებებს და მისი pH არ აღემატება კანის ნორმალურ მაჩვენებელს – 5.5-ს).
მშრალი კანის დროს უნდა გამოვიყენოთ შხაპის ზეთი. ისინი შეიცავს ღირებულ მცენარეულ ცხიმებს, რომლებიც იცავს კანს გამოშრობისაგან, აქრობს ქავილს და უსიამოვნო სიმპტომებს. რაც შეეხება აბაზანის ქაფს, უნდა დავივიწყოთ ზამთრის მთელი პერიოდის განმავლობაში. თუ მაინც გსურთ აბაზანის მიღება, გამოიყენეთ სპეციალური ნატურალური ზეთები და დანამატები, რომლებიც არ არღვევენ კანის ნორმალურ სტრუქტურას.
კანის მოვლის ძირითადი პრინციპი ზამთრის თვეებში რეგულარული დატენიანებაა, რაც დაგიცავთ გამოშრობისაგან და ხელს შეუწყობს დამცავი ლიპიდური შრის აღდგენას.
საუკეთესო ეფექტს იძლევა კრემები, ბალზამები და ლოსიონები, რომელთა შემადგენლობაში შედის დამატენიანებელი კომპონენტები: შარდოვანა, ზოგიერთი ამინომჟავა, ჰიალურონის მჟავა (განსაკუთრებით ნატურალური წარმოშობის) და გლიცერინი. ასევე ვიტამინი E, რომელიც ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას.
მშრალი კანი, ასევე შერეული კანის მშრალი უბნები საჭიროებს დამატებით ცხიმებს, სიცივისაგან დასაცავად. ოპტიმალური შედეგი მიიღწევა კანის ლიპიდების იდენტური კომპონენტების (მაგ. კერამიდი) შემცველი ემულსიებით. ღამის კრემები გამოირჩევა ცხიმების შედარებით მაღალი შემცველობით და უკეთ უმკლავდება კანის პრობლემებს.
კანის მოვლის საშუალებების გამოყენება უმჯობესია საღამოს
ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები ლიპიდების მაღალი შემცველობით სასარგებლოა არა მხოლოდ სახის კანისათვის, არამედ სხეულის სხვა უბნებისთვისაც. მაგალითად, კანი სახეზე უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, ვიდრე წვივებზე, რაც მათ გამოშრობას იწვევს. ლოსიონები ნატურალური ლიპიდებით, ახდენს კანის ჰიდროლიპიდური შრის ნორმალიზაციას, ამასთან კანის მიერ ნივთიერებები შეიწოვება მხოლოდ იმ რაოდენობით, რაც საჭიროა მისი ცხოველქმედებისათვის.
უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმის შემცველი საშუალებები სხვებთან შედარებით ნელა შეიწოვება და ტოვებს კანზე თხელ ცხიმოვან ფენას. მსგავსი კრემებისა და ლოსიონების გამოყენება უმჯობესია საღამოს, ძილის წინ. ხელებისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი და მკვებავი კრემები დაიტანეთ ძილის წინ და ჩაიცვით თხელი ერთჯერადი ბამბის ხელთათმანები, რაც გააძლიერებს ეფექტს და არ დატოვებს ცხიმოვან ლაქებს. თანამედროვე ნატურალური კოსმეტიკური საშუალებების რეგულარული გამოყენება ზამთრის ცივ პერიოდში შეუნარჩუნებს ჩვენს კანს ბუნებრივ სილამაზესა და სიჯანსაღეს, გააძლიერებს მის სტრუქტურასა და ფუნქციებს.