თანამედროვე მედიცინა ძლიერმოქმედი პრეპარატების მთელ არსენალს მოიცავს, რომელთაც ამავდროულად ბევრი გვერდითი ეფექტი გააჩნია. ეს ეხება ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედ პრეპარატებსაც. მუდმივად მიმდინარეობს ახალი ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებების ძიება. ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების მიერ აქტიურად იქნა შესწავლილი, უძველესი დროიდან ცნობილი მცენარეების თვისებები, რომელთაც შეუძლიათ თანამედროვე მედიცინის პრობლემების გადაჭრა.
კუნელი, ლათინური დასახელება „Crataegus“ – ისტორიულ სამედიცინო ნაშრომებში ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში მოიხსენიება, ხოლო ძველ ჩინეთში კიდევ უფრო ადრეული პერიოდიდან. სხვადასხვა წყაროების თანახმად, კუნელის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო ინდიელებისათვის, ევროპელების ამერიკაში შესვლამდე. ფრანგი კარდიოლოგები უკვე დიდი ხანია იკვლევენ კუნელის ზემოქმედებას სისხლის მიმოქცევის სისტემაზე, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ამ მცენარის ექსტრაქტი ანელებს სისხლძარღვების დაბერების პროცესს, ასტიმულირებს მათი ამომფენი უჯრედების მიერ ვაზოდილატაციური ეფექტის მქონე ნივთიერებების წარმოქმნას. მედიცინაში გამოიყენება კუნელის ორი სხვადასხვა სახის ექსტრაქტი, რომელთაგან პირველი მიიღება ყვავილებისა და ფოთლებისგან და შეიცავს უკიდურესად სასარგებლო ფლავონოიდებს, ხოლო მეორე კუნელის ნაყოფისაგან მზადდება და მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებებით, ოლიგომერული პროციანიდებით. კუნელი ახდენს სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, რაც აუმჯობესებს გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგებას. გარდა ამისა, ანელებს სისხლის ნაწილაკების აგრეგაციას და აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას. თანამედროვე მედიცინის მონაცემებით, კუნელი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ფუნქციას და ამსუბუქებს მდგომარეობას გულის უკმარისობისას (I სტადიის დროს, NYHA-ს (ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაცია) კლასიფიკაციით). თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერმოქმედი საშუალებებისაგან განსხვავებით (მათ შორის მცენარეული საშუალებები – სათითურას პრეპარატები, საგულე გლიკოზიდები), ის არ იძლევა დაუყოვნებელ ეფექტს. მკურნალობის კურსი ხანგრძლივია და რამოდენიმე თვეს მოიცავს – არანაკლებ 6 თვისა. ასაკთან ერთად, 50 წლის შემდეგ თანდათანობით ვითარდება ენდოთელური დისფუნქცია – ქვეითდება სისხლძარღვების ამომფენი უჯრედების აქტივობა. ფრანგი კარდიოლოგებისა და ფარმაკოლოგების რწმენით, ასეთ დროს უკიდურესად სასარგებლოა კუნელის ექსტრაქტი. მასზე დამზადებული, პოლიფენოლებით მდიდარი პრეპარატები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იცავს გულსა და სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ახდენს მიოკარდიუმის ინფარქტისა და ათეროსკლეროზის პრევენციას, რაც ასე გავრცელებულია ჩვენს დროში. დადებითი ეფექტი აღინიშნება ასევე არტერიული ჰიპერტენზიის დროსაც, რასაც ხშირად ახლავს თან მძიმე შედეგები. კუნელის პრეპარატების დასამზადებლად გროვდება ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე კენკრა, რომლის ექსტრაქტიც გამოიყენება როგორც ზოგადი თვითშეგრძნების გასაუმჯობესებლად, ასევე სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ. კუნელთან ერთად ეფექტურ დანამატს წარმოადგენს ბროწეული. ბროწეული ათასწლეულების მანძილზე კულტივირდებოდა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში (მაგ. ეგვიპტეში). ძველად, ბროწეული უკვდავების, სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. პოლიფენოლების მაღალი შემცველობის გამო, ბროწეული თანამედროვე მეცნიერების კვლევის საგნად იქცა. მისი ნატურალური ანტიოქსიდანტები შეუცვლელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისათვის, იცავს მას ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან.
გულისა და სისხლძარღვების დაცვაში მცენარეების გარდა მინერალური ნივთიერებებიც იღებს მონაწილეობას. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროფილაქტიკისათვის უნივერსალურ საშუალებადაა მიჩნეული კალიუმი. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ თუ მისი შემცველობა გაიზრდება რაციონში სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ჩართვით, ყოველწლიურად 1100 ინსულტის შემთხვევის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი. ამერიკელი კარდიოლოგების მიერ გამოქვეყნებული კვლევის (247 ათასი მონაწილე, ხანგრძლივობა – 19 წელი) შედეგები ასევე ადასტურებს კალიუმის სარგებლობას. ყოველდღიურად კალიუმის რაოდენობის გაზრდა 1.64 გ-ით, ყოველწლიურად ამცირებს ინსულტის რისკს 21%-ით!
უნდა აღინიშნოს, რომ კალიუმის პროფილაქტიკური ეფექტი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მაგნიუმთან ერთად, ის გავლენას ახდენს დაზიანებულ კორონარულ სისხლძარღვებზე და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე. გერმანელი ექიმები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან კვლევის შედეგებში. რეცეპტი არ წარმოადგენს სიახლეს – რეგულარულად მიირთვით კალიუმით მდიდარი ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელთა რიცხვს მიეკუთვნება პირველ რიგში ბანანი, ისპანახი, ბროკოლი. საკმარისი რაოდენობით შეიცავს კალიუმს ასევე მთლიანი მარცვლისაგან დამზადებული პური და მიუსლი, თხილი და სხვადასხვა სახის მარცვლეული. ადამიანის ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კალიუმის დღიურ ნორმას (1.64გ) შეიცავს 3 ბანანი. ეს არის საკვების ის რაოდენობა, რომელიც დაგვიცავს ინსულტისაგან. განსაკუთრებით ეხება არტერიული წნევის მაჩვენებლების მიხედვით რისკ ჯგუფში შემავალ პაციენტებს. მცენარეული და მინერალური ინგრედიენტების ერთობლივი გამოყენებით შესაძლებელია მიღწეულ იქნას იდეალური ეფექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, მნიშვნელოვნად გაიზარდოს მისი ჟანგბადით მომარაგება.